“მწვანე ალტერნატივას” მოწოდება საქართველოს მთავრობის მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე
საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ 2011 წლის ანგარიშში ნათქვამია: „ 2011 წლის განმავლობაში, ევროპამ და საქართველომ წინსვლას მიაღწიეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოების მიმართულებით“. თუმცა, მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ: „არ განხორციელებულა მნიშვნელოვანი ცვლილებები გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ კონვენციებთან და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ოქმებთან საქართველოს მიერთების ან მათი რატიფიცირების კუთხით“, აგრეთვე “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტრო გახდა და ზოგიერთი მისი ფუნქცია სხვა სამინისტროებს გადაეცა“.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს გარემოსდაცვით მმართველობაში არსებული ტენდენციები ეწინააღმდეგება ქვეყნის მთავრობის მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. სამოქმედო გეგმის მითითების მიხედვით, საქართველომ უნდა „გადადგას ნაბიჯები კარგი გარემოსდაცვითი მმართველობის სტანდარტების დასამკვიდრებლად“. ამის საპირისპიროდ, გარემოსთვის საზიანო კანონმდებლობის შექმნასა და მოქმედებებს თან ერთვის საზოგადოების მონაწილეობის საჭიროების უგულვებელყოფა.
საქართველოს პარლამენტის მიერ, 2012 წლის მარტში გარემოსადაცვით ჩარჩო კანონმდებლობაში შეტანილი შესწორების შედეგად, შესაძლებელი გახდა განუსაზღვრელი ვადით, დაინტერესებულ პირსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის, შეთანხმების დადება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს დაცვის სფეროში. მიგვაჩნია რომ, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება გარემოსდაცვითი, კორუფციული, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სახის საფრთხეებს ატარებს.
გარდა ამისა, დაჩქარებული წესით შესწორდა სხვა რამდენიმე გარემოსდაცვითი კანონი, რამაც საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემასა და ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას საფრთხე შეუქმნა. კერძოდ, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო შემცირდა, ხოლო კოლხეთის ეროვნული პარკის მახლობლად, ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობა დაიგეგმა. ყურადსაღებია, რომ კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორია, სადაც ქალაქის გაშენებაა დაგეგმილი რამსარის საერთაშორისო კონვენციითაა დაცული.
ვწუხვართ, რომ ყველა ზემოთხსენებული საკანონმდებლო შესწორება სამოქალაქო საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე განხორციელდა.
იმ პირობებში, როცა ქვეყნის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონმდებლობა ძალზე სუსტია, სხვადასხვა მასშტაბური პროექტები გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის გარეშე მიმდინარეობს. ამის ნათელი მაგალითი ნენსკრა ჰესის მშენებლობაა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად გახსნა, ისე რომ პროექტზე არც მშენებლობის და არც გარემოსდაცვითი ნებართვა გაცემულა.
“მწვანე ალტერნატივა” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეასრულოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებები; გადადგას ქმედითი ნაბიჯები გარემოსა და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად, ასევე, იზრუნოს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიღწევაზე.