ტყის უკანონო ჭრასთან ბრძოლისა და მონიტორინგის მეთოდები

  • ირაკლი მაჭარაშვილი

სატყეო სფერო ძალზე რთულია. დაუხვეწავი და წინააღმდეგობრივი კანონმდებლობა, კორუფციის მაღალი დონე, რომელშიც ტრადიციულად ჩაბმულნი არიან ერთდროულად სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები (როგორც მაღალი რანგის, ისე რიგითი მოხელეები), ბუნდოვანი, არაერთმნიშვნელოვანი წესები და ნორმები, არაზუსტი დოკუმენტური მასალა – ეს იმ ფაქტორების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ართულებენ სატყეო სფეროში დარღვევების აღმოჩენასა და მონიტორინგს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სატყეო სფერო მეცნიერების რთული და კომპლექსური დარგია და მასში გარკვევა სათანადო განათლებას საჭიროებს. ტყე ცოცხალი ორგანიზმია და მხოლოდ თეორიული განათლება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანი გაერკვეს, ერთის მხრივ, ტყის ეკოსისტემებში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებში, მეორეს მხრივ კი, შესაძლო დარღვევებში, რომლებიც ხდება სატყეო მეუნეობის მართვისა თუ ტყის პროდუქტებით ვაჭრობისას.