მწვანე ალტერნატივასა და ირინა ღამბაშიძის ადმინისტრაციული საჩივარი საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროსათვის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით
ადმინისტრაციული საჩივარი
- მომჩივანი :
2013 წლის 5 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ და ქალბატონმა ირინა ღამბაშიძემ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის № 03/108 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში.
გასაჩივრებული აქტით, კომპანია RMG Gold-ის განცხადებისა და ამ განცხადებაზე რეაგირების მიზნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ამავე აქტით სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს დაევალა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში არსებული, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. ასევე, ბრძანების თანახმად, კომპანია RMG-სა და სამინისტროს შორის უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება სათანადო სამუზეუმო სივრცის შესაქმნელად და ამ სივრცეში საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში მოპოვებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების გადასატანად.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის №03/108 ბრძანება გამოცემულია როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ასევე, არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტის მოთხოვნების უხეში დარღვევით.
დანართი 1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის № 03/108 ბრძანება;
დანართი 2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის #03/82 ბრძანება;
დანართი 3. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2013 წლის 16 ივლისის განცხადება;
დანართი 6. RMG GOLD-ის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია;
დანართი 8. პრემიერ მინისტრის 2013 წლის 1 მაისის წერილი # 14962;
დანართი 14. ყაჩაღიანის უბნის ისტორიული მაღაროს გეოლოგიური და საინჟინრო მომიხილვა;
დანართი 16. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2013 წლის 27 ივნისის წერილი;
2013 წლის 26 სექტემბერს 16.00 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიულ დეპარტამენტში გაიმართა მწვანე ალტერნატივასა და ქალბატონ ირინა ღამბაშიძის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა. ამავე სხდომაზე განხილულ იქნა დავით სახვაძის, მარინე ცინცაბაძის, ჯუმბერ ხანთაძის, გიგო ჯანდიერის, რაულ გვეტაძის, გივი ინანიშვილის, ვანო თვალაძის და რევაზ კანაშვილის ადმინისტრაციული საჩივრები.
ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის ოქმი
2013 წლის 3 ოქტომბრის განკარგულებით საქართველოს მთავრობამ მიიღო დავით სახვაძის, მარინე ცინცაბაძის, ჯუმბერ ხანთაძის, გიგო ჯანდიერის, რაულ გვეტაძის, გივი ინანიშვილის, ვანო თვალაძის, რევაზ კანაშვილის, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ და ირინა ღამბაშიძის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ოქტომბრის #1430 განკარგულება
მწვანე ალტერნატივა გეგმავს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ოქტომბრის #1430 განკარგულებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.